18 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა - პრემიერ-მინისტრი ბორჯომში არსებულ ხანძარზე საუბრობს

"რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა  გამოთქვა," -  ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ მიმართა თუ არა რუსეთს, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის დახმარების საჭიროება არ დგას.

„რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა ჩვენ  უნდა  განვიხილოთ, ყველა ვერსია და ყველა ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი,  რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს აუვალთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ის იქნება დაცული ცეცხლისგან და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული სპეციალური შტაბში კი  ყველა ინსტიტუტი მუშაობს ერთმანეთთან კოორდინირებულად.

კვირიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანული და თურქული მხარის სამაშველო ვერტმფრენები უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს და დაეხმარებიან ქართულ ავიაციას. პრემიერმა დაადასტურა, რომ თურქეთი საქართველოს ვერტმფრენების გარდა სახანძრო თვითმფრინავითაც დაეხმარება. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს სომხური მხარეც დაეხმარება.

 „სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი  ეკიპაჟები გზაშია და ჩაერთვებიან,“-აცხადებს კვირიკაშვილი. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოხდება ხანძრის ლოკალიზება.

პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას.

 

დღის ამბები