საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს.
მათივე ცნობით, საქართველოში შემოვიდა დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაერთვება ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში.
განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ ბელორუსიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობის მქონე სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი მოფრინავს, რომელიც 15 ტონიანი წყლის რეზერვუარით არის აღჭურვილი.
საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბორჯომის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანებაა, თუმცა ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არ არის.
„რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ძლიერია ტერიტორიის დაკვამლიანება, თუმცა ამ ეტაპზე, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არ არის ხანძრის გავრცელების საშიშროება. ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ასთმით, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს,“ - ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა რჩება.