მესამე დღეა, სოფელ დაბის მოსახლეობას სტიქიის ეპიცენტრში უწევს ცხოვრება. დაბაში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცეცხლის ახალი კერები სოფელთან ახლოს გაჩნდა. დღის 4 საათისთვის ხანძარს სახლებიდან უკვე რამდენიმე მეტრი აშორებდა.
ახალი კერებიდან ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. სოფელთან გაჩენილ ხანძართან მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, წყლის ჭავლით ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივები მეხანძრეების დამატებას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. ვითარების დაძაბვის შემდეგ კი დაბაში ვერტმფრენით დახმარება გახდა საჭირო.
ამ დროისთვის დაბა ერთადერთი სოფელია, სადაც მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. სოფელში დღის ბოლოს საგანგებო შტაბის წევრები შეიკრიბნენ. მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავენ.
დაბაში ცეცხლს ძლიერი დაკვამლიანებაც ახლავს.
ბორჯომის ხეობაში ტყის ეს მასივი უკვე მეორედ იწვის. ადგილობრივები კურიერს უყვებიან, რომ ცეცხლი ცხრა წლის შემდეგ უფრო ძლიერი და საშიშია. ბორჯომის ხეობაში სტიქიას ქარი აძლიერებს.
ცეცხლმა, ოფიციალური ინფორმაციით, 15 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. არაოფიციალურად კი დამწვარი ტერიტორიის მასშტაბები ბევრად მეტია. თითქმის სრულად განადგურდა 2008 წლის ხანძრის შემდეგ გაშენებული ნარგავები. ცეცხლმა ასევე გაანადგურა უნიკალური წიწვოვანი ტყის სხვა მასივებიც.