ქართველი მოზარდები ოკუპირებულ ყირიმში. 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე რუსული ენის პედაგოგის გადაწყვეტილებით, 2 კვირით დასასვენებლად არტეკში იმყოფებიან. მოსწავლეები, რუსული ენის მასწავლებელ თამარ ჩალახეშაშვილთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 7 დან 27 აგვისტომდე დაისვენებენ.
ინფორმაცია რუსულმა გამოცემა სპუტნიკმა გაავრცელა.
146-ე სკოლაში დღეს არავინ გამოჩენილა. სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა დირექტორი ირმა ტყებუჩავა. მისი ორი მოადგილე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ყირიმში დასვენების შესახებ რუსული ენის პედაგოგმა თამარ ჩალახეშაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო და სკოლის ხელმძღვანელები საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
სკოლის ხელმძღვანელებმა არ იციან, რომ ქართველი ახალგაზრდების ყირიმში გამგზავრების ორგანიზატორი არა საქართველოს ილიას უნივერსიტეტი, არამედ პუშკინის სახელობის რუსული სახელმწიფო ინსტიტუტია. სწორედ რუსეთის ამ სასწავლებელმა ჩაატარა კონკურსი, რომლის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასამგზავრებელი ქართველი მოსწავლეები შეირჩნენ. მოსწავლეებმა საკონკურსო თემა დაწერეს - რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში. რა მიზანი ჰქონდა ამ კონკურსს და რას ემსახურება საქართველოს მოქალაქეების დასვენება ანექსირებულ ყირიმის ბანაკ არტეკში - ამის შესახებ სკოლის ხელმძღვანელები არ საუბრობენ. სპუტნიკის მიერ გავრცელებულ მასალაში კი ქართველი ახალგაზრდები ყვებიან, რომ ყირიმში მათ რუსული ენის შესწავლა და ახალი მეგობრების შეძენა სურთ.
ფაქტის შესახებ მედიისგან შეიტყო განათლების სამინისტრომ. ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.
პასუხისმგებლობის რა ფორმა დაეკისრება 146-ე საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელს თამარ ჩალახეშაშვილს ეს რამდენიმე დღეში, ყირიმიდან მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. სამინსიტროს გადაწყვეტილების მოლოდინშია სკოლის დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირებიც.