საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბორჯომის ხეობაში გააკეთა.
პრეზიდენტი სტიქიის ადგილას იმყოფება, გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო და არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემები მოისმინა.
კითხვაზე, "შესაძლებელია თუ არა რომ რამდენიმე ადგილას ერთდროულად ცეცხლის გაჩენა იყოს დივერსია," პრეზიდენტი პასუხობს:
„როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად. როდესაც გადავწყვეტთ პრობლემას მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მეხანძრე მაშველებს, შეიარაღებულ ძალებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ რთულ მომენტში გამოჩნდა თუ რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს.
„მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც თავდაუზოგავად როგროც საორგანიზაციო ნაწილში და კოორდინაციის ნაწილში, ასევე ადგილზე ცეცხლის პირისპირ იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იქნას ლოკალიზებული. განსაკუთრებული მადლობა შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც ფაქტობრივად მახდინეს ძალიან კოორდინირებულად ლოკალიზება ხანძრის ატენის ხეობაში. ამ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ მრავალ ადგილას ჩნდებოდა კერები და ტექნიკის კოორდინაცია და გადაადგილება იყო რა თქმა უდა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი ხერხდება და მოხერხდა. ამ რთულ პროცესში ერთიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან იმედის მომცემი. ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს. რამდენიმ მეგობრები გვყავს ქართველებს. სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, მხარდაჭერა დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ეს რა თქმა უნდა ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, მატერიალური ზარალი, ამ მომენტში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია,“-აცხადებს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფაქტობრივად ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა რთული რელიეფური ვითარების გამომდინარე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.