18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ასეთი რამ ბევრი წლის განმავლობაში არ გვახსოვს, ეს არაბუნებრივი სიტუაციაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი ხანძარზე საუბრობს 

ასეთი რამ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს ბევრი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეს ახლა არაბუნებრივი სიტუაციაა - ეს განცხადება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე წინასწარ ვარაუდებისა და ეჭვების გამოთქმა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ჩატარდება გამოძიება და ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდება.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ასეთ სიტუაცია არ გვახსოვს, დანარჩენი ძალიან რთულია, ეჭვს არ აქვს  მნიშვნელობა ვის რა ეჭვი აქვს ან პირადი სუბიექტური აზრი რა გააჩნია. ძალიან ცუდი სიტუაციაა, როდესაც ასეთი გამოწვევაა. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ჩატარდება გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ასეთი რამ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს ბევრი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს ახლა არაბუნებრივი სიტუაციაა,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ხანძრის ფაქტზე ისაუბრა დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც. შესაძლო დივერსია არც გიორგი მღებრიშვილმა გამორიცხა და თქვა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს.

„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და  ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოხერხდა, თუმცა როგორც ხანძრის ლოკალიზების მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები აცხადებენ, ამ დრომდე რჩება რთულად მისადგომი ადგილები და ცეცხლის კერები. ისინი იმედოვნებენ, რომ ასეთ ადგილებში ცეცხლის ლოკალიზებას ავიაცია შეძლებს.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ქრობით სამუშაოებს 6 ვერტმფრენი და ერთ სახანძრო თვითმფრინავი აწარმოებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები