ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია 6 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი. ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ მეხანძრე მაშველებიც.
საგანგებო შტაბის წევრები იმედოვნებენ, რომ დღეს დასრულდება ხანძრის ლოკალიზება, ხვალიდან კი სამაშველო სამსახურები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებენ.
დღეს საგანგებო შტაბთან წაღვერის მოსახლეობა იყო შეკრებილი. ისინი მეხანძრე-მაშველებისგან დროულ რეაგირებას ითხოვდნენ.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ დილით დასახლებულ პუნქტთან ახლოს ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა და არსებობდა წიწვოვან ხეებზე გავრცელების საშიშროება.
„ეს კერა გაჩნდა დილით, ფიჭვნარია მოეკიდება და გაღვივდება. აქ არის სულ ფიჭვნარი ეს ტყე. ამაზე თუ გადმოვიდა ვეღარ ჩააქრობენ. წაღვერში ეს ტყეა დარჩენილი და ესეც დაიწვება, დავრჩებით ისე. მარტო კვამლი ჩანდა შორიდან და დღეს გაჩნდა დილას,“-აცხადებდნენ ადგილობრივები.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა, თუმცა დასახელებულ ტერიტორიაზე მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად ავიაციამ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის დასხმითი სამუშაოები განახორციელა.