დღეს საქართველოს რკინიგზასთან ხმაური და დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავებმა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. სიტუაცია რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა და შიმშილობის აქციის იქ გაგრძელება სცადა.
მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. სამართალდამცავებმა თავდაპირველად სამი ადამიანი დააკავეს.
თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რკინიგზელებმა ფოიეში გადანაცვლება გადაწყვიტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ უარი უთხრა პროფკავშირებს, რომ აქ გაშალონ კარვები. პროფკავშირელებმა გადაწყვიტეს ფოიეში გადანაცვლება და იქ დახურულ სივრცეში შიმშილობის გაგრძელება. პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა რკინიგზელებს, რომ შესულიყვნენ რკინიგზის დეპარტამენტში და ამას მოჰყვა მოშიმშილეების დარბევის პროცედურა,“ - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების წარმომადგენელი, ლაშა ბლიაძე, აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
„დაკავებულია პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი. დაკავებულია რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი, ისინი შეიყვანეს შენობაში იმიტომ, რომ მომიტინგეებმა არ მისცეს საშუალება, რომ მანქანით წაეყვანათ,“ - განაცხადა ლაშა ბლიაძემ.
გაფიცული რკინიგზელების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს, ზოგიერთმა მათგანმა ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტა.