18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ევროკავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ცეცხლის ჩასაქრობად 2500 ადამიანი მუშაობს.

“ახლა დაახლოებით 2500 ადამიანი მუშაობს უკვე, ყველა ლოკაციაზე. საჭიროების შემთხვევაში თუ დავინახეთ, რომ საჭიროა უფრო მეტი ცოცხალი რესურსი ჩართვა, შტაბი მზად არის ამ გადაწყვეტილებების მისაღებადაც. ჩნდება ცალკეული კერები, ახალი კერებიც. ცეცხლის გაღვივებისთვის არ არის აუცილებელი გრიგალი ამოვარდეს, მცირე ზომის ნიავსაც კი შეუძლია, რომ თუ კერა დარჩენილია, გააღვივოს და აქციოს ცეცხლად, ზუსტად ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. ყოველთვის ვუყურებთ, რომ დილით არ არის კერა მაგრამ მერე ეტაპობრივად ის ძლიერდება ხოლმე და ის დამოკიდებული არის ნიავის ინტენსივობაზე“- განაცხადა აგულაშვილმა.

ბორჯომის ხეობაში, ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირმა ხანძრების გამო შექმნილი საგანგებო ვითარებისთვის სპეციალური სისტემა აამოქმედა. 

“ევროკავშირმა აამოქმედა სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ევროპაში ხანძრების გამო შექმნილი საგანგებო ვითარების დროს. მას მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო და უზრუნველყოფს ხანძრის შედეგად დაზარალებული ადგილების თანამგზავრული რუკების შედგენას. ეს ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას უფრო ეფექტურს გახდის. რუკები მზად დღეს იქნება და გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას. ასევე მზად ვართ მოვახდინოთ ექსპერტების მობილიზება, რომ ტყის აღსადგენად გეგმა შევადგინოთ და შემდეგ განვახორციელოთ”- აღნიშნა კარლო ნატალემ. 

 

დღის ამბები