„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარების ფაქტს ეხმაურებიან.
საქმე ეხება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყო.
საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.
ამავე საქმეზე სუს-ში დაბარებული გიგა ბოკერია ამბობს, რომ მომხდარი არჩევნებს უკავშირდება, სუს-ი კი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც გვაქვს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, როცა ეს სტრუქტურები, რომელიც ჩვენი რესურსებით არსებობს, ჩვენი გადასახადებით ეს ხალხი იმის მაგივრად რომ რეალურ საფრთხეებს ებრძოდეს, რომელიც მრავალი აქვს საქართველოს ჩრდილოეთიდან მომავალი, ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული, ამის ნაცვლად ასეთი სისულელით არიან დაკავებული და ეს ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს. მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტებზე ვსაუბრობ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარებას თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად სუს-ს და პროკურატურას იყენებს.
„ქართული ოცნება" ძალიან დიდი ხანია გასცდა საღი აზრის ფარგლებს საერთოდ თუ ყოფილა ოდესმე, დღეს კი საკუთარი თავის უსუსურობის განცდა ქვეყნის მართვის აბსოლუტური უცოდინრობა და იმის დანახვა, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიზისი დღითიდღე უღრმავდება, აიძულებს მას, რომ წინასაარჩევნოდ მოქმედებაში მოიყვანოს სუსი და პროკურატურა, მთავარი მედიასაშუალების ხელმძღვანელის წინააღმდეგ და ამ მედიასაშუალების წინააღმდეგ. ვინაიდან „რუსთავი2“ ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას, რადგან მთელი მანკიერება გამოაქვს წლების განმავლობაში სააშკარაოზე,“-აცხადებს ნიკა მელია.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ნიკა გვარამიას სუს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ უწყებაში ის ხვალ სამ საათზე უნდა გამოცხადდეს.
ტელეკომპანიის დირექტორი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.