ერთკვირიანი ბრძოლა ცეცხლის წინააღმდეგ და პირველი დღე ხანძრის გარეშე. ბორჯომის ხეობაში ცეცხლის კერები ამ დროისთვის აღარ არის, რასაც ღამით მოსულმა წვიმამაც შეუწყო ხელი.
თუმცა, დილიდან მიმდინარეობს სარისკო უბნების დამუშავება. ადგილზე რჩება 2500 სამხედრო, მაშველი და მეტყევე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძის, თქმით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ავიაცია ამ წუთში არ მუშაობს იმიტომ, რომ ამინდი არ აძლევს საშუალებას, ნისლია. რაც შეეხება ავიაციას, ავიაცია ადგილზე რჩება, ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი იმუშავებს დღის განმავლობაში,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შს მინისტრის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები და ღამის განმავლობაშიც მორიგე ჯგუფები ტყეში რჩებიან მონიტორინგისთვის.
„ყველა დიდი კერა ამ ეტაპზე არის ლიკვიდირებული. პატარ-პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ მაინც 24-საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით ვმუშაობთ,“ - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.