ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი კვლავ ხელოვნურად შექმნილ აუზში რჩება, შესაბამის უწყებებში აცხადებენ, რომ მდინარე გურაჯულასა და გარემოს დაბინძურების საშიშროება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წყალში ჩავარდნის შემდეგ მი-8-დან საავიაციო ნავთი ჩაიღვარა.
დღეს დილით, აუზიდან წყლის ავსების დროს ამოტრიალებულ ვერტმფრენში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, შემოწმებების შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.
მი-8-ს ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ვერტმფრენს წყლიდან ხვალ ამოიყვანენ და თბილისში გადაიყვანენ. ხვალვე დაიწყებენ ზარალის დათვლას.
მდინარე გურაჯულას აუზში ჩავარდნილი საფრენი საშუალება ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში პირველივე დღიდან იყო ჩართული და ასობით ფრენა განახორციელა. შს მინისტრის განცხადებით, ვერტმფრენს შესაბამისი ტექნიკური შემოწმება 2 დღის წინ ჩაუტარდა და ყველაფერი წესრიგში იყო. აქედან გამომდინარე, კვლავ უცნობია, თუ რა გახდა მი-8-ს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. ამ საკითხის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.
გამოძიება 3 ვერსიაზე მუშაობს: პილოტების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და კლიმატური პირობები.