ახალციხის რაიონში, სოფელ სვირის მიმდებარედ, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება. ცეცხლის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინსიტრო ვერტმფრენი და 200 ადამიანი ჩაერთვება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, განცხადებით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტრამდე ტერიტორია არის დამწვარი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა, ადგილი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, კლდოვანია და რთულად მისადგომია.
„ხანძრის კერა არის, მაგრამ დიდ ფართობზე გავრცელებული არ არის. მინდა გითხრათ, რომ საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის. უბრალოდ, ადგილი არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი. ტექნიკას უჭირს მიახლოვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დილის 7 საათიდან, უკვე როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ავიაციაც. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, ასევე გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, დაახლოებით, 200 კაცის შემადგენლობით. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერი არ არის. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში ადგილზე ცოცხალი ძალა არ დარჩება, რადგან ტერიტორია კლდოვანია, რაც მაშველების სიცოცხლეს ღამის განმავლობაში საფრთხეს შეუქმნის.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ტერიტორიასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის.