ახალციხის რაიონის სოფელ სვირში, ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. არსებული ვითარების შესახებ ოფიციალური განცხადება ადგილზე ამ დრომდე არ გაკეთებულა. ტერიტორიაზე, სადაც მეხანრე-მაშველები იმყოფებიან, გადამღებ ჯგუფებს ასვლის უფლებას არ აძლევენ.
მედიას ტერიტორია ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების გამო დაატოვებინეს და სოფელ სვირის ცენტრში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ამ ადგილზე გაიხსნება საგანგებო შტაბი, სწორედ აქედან მოხდება ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოების მართვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.
ხანძრის კერები სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია, თუმცა მანქანით მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ტერიტორიაზე სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ ხდება.
ახალციხის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა. პროცესში ცოცხალ ძალასთან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.
არსებობს წიწვოვან ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება.
სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლი არც ისე დიდ ფართობს უკიდია, თუმცა მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.