ახალციხეში, სოფელ სვირში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტყე პრაქტიკულად მიუვალია და რთული დასაშვებია, რომ ცეცხლი ტყეში დაუდევრობას გამოეწვია.
„კლდიანი ადგილია, ვერც ზევიდან და ვერც ქვევიდან ვერ უდგები. ეს თვითნებურად გაჩნდა ჩემი აზრით, იქ ადამიანის ფეხი არ ხვდება საერთოდ,“-აცხადებენ ადგილობრივები.
სოფელ სვირის მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ სამაშველო სამსახური გამოძახებიდან დაახლოებით ერთ საათში მივიდა.
ხანძრის კერები სოფლიდან დაახლოებით 5-6 კილომეტრშია, თუმცა მანქანით მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ტერიტორიაზე სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ ხდება.
ახალციხის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა. პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.
არსებობს წიწვოვან ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება.
სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლი არც ისე დიდ ფართობს უკიდია, თუმცა მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.