ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ამ წუთწებში აცხადებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე, სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა.
მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.
წაყენებული ბრალი 18 /108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მოსამართლემ ბრალდებას მოხსნა ანგარებით მკვლელობის მომზადება.
ბრალდებული გიორგი მამალაძე მოსამართლემ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშიც გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი, თუმცა უფრო მძიმე ბრალდებამ შთანთქა მისჯილი 2 წელი და დეკანოზ გიორგი მამალაძეს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თავად დეკანოზი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.