თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში ცოტა ხნის წინ მოხდა. ის სასწრაფი დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარს ადასტურებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორიც. თემურ თორდინავას განმარტებით, სამი წლის აღსაზრდელი ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაცია მოგვაინებით ექნება, რადგან, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებში გარკვევას ცდილობს.
„206-ე ბაღიდან მეორე სართულიდან გადმოხტა ბავშვი და ინგოროყვას კლინიკაშია ახლა. შეყვანილია პალატაში და დეტალებს ვარკვევთ,“ - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას თემურ თორდინავამ.
ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა.
206-ე ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვი ინკლუზიურ ჯგუფს მიეკუთვნება და ის არა მეორე, არამედ პირველი სართულიდან გადახტა. მარინა გოგოლაძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, მასთან აღმზრდელები იმყოფებოდნენ, ამიტომ რთული სათქმელია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
„ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, ყველაფერი კარგად არის. იქ ვიყავით ყველა მაგრამ, ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ, მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა,“-განაცხადა მარინა გოგოლაძემ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა გადაიყვანეს.