14 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
დაპირისპირება ხაშურის "ივერიასა" და თბილისის "გლდანს" შორის - რა მიზეზებზე საუბრობენ კლუბების წარმომადგენლები და რა სასჯელია მოსალოდნელი ფედერაციისგან

ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა ორივე გუნდი  დასაჯოს. ხაშურის "ივერიისა" და თბილისის "გლდანის" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტისას დაშავებულ ფეხბურთელს სანდრო ხაჩიძეს საავადმყოფოში მკურნალობენ.

ხაშურის სტადიონზე გულშემატკივრების მინდორზე შეჭრის გამო  ფედერაციიდან შესაბამის ზომებს ელოდება  ხაშურის "ივერიის" მენეჯერი ვახტანგ ჯაფარაშვილი, თუმცა  იმედოვნებს, რომ სასჯელი ძალიან მკაცრი არ იქნება და ფეხბურთელებს მხოლოდ მაყურებლის გარეშე მოუწევთ თამაში.

ხაშურის "ივერიის" ფეხბურთელი ნიკა ივანაშვილი ამბობს, რომ მომხდარი დაპირისპირების გამო შეწუხებულია ორივე გუნდი, მისი თქმით, გლდანის წარმომადგენლებმა ინციდენტის გამო ხაშურელ ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ბოდიში მოუხადეს.

თბილისის გლდანის წარმომადგენელი პაატა ჯინჭარაძე მომხდარს ძალიან ცუდ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მსგავს ქმედებებს გმობს. პაატა ჯინჭარაძის თქმით, მათ 30-კაციან ჯგუფში, რომელიც თბილისიდან ხაშურში ჩავიდა ნახევარი მოზარდები და მათი მშობლები იყვნენ, ამიტომ როგორც ის ამბობს, მათი მხრიდან პროვოკაციებზე წასვლა გამორიცხული იყო.

ხაშურის "ივერიისა" და თბილისის "გლდანის" ფეხბურთელების მატჩის დროს დაპირისპირების მიზეზი თამაშის ბოლო წუთზე ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ სტადიონზე მინის ბოთლის სროლა გახდა. ბოთლი "გლდანის" მეკარემ უკან, ტრიბუნისკენ გაისროლა, თუმცა ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა. ფეხბურთელებს შორის დაწყებული დაპირისპირებისას სტადიონზე გულშემატკივრებიც შეიჭრნენ. 

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შეიკრიბება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები