ხელისუფლება გერმანულ მოდელზე უარს ამბობს. მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებაზე ოპონენტებს ამჯერად პირისპირ უთხრა, რომ მათი შეთავაზების განხილვას არ აპირებს.
არგუმენტი ისევ კონსტიტუციაა. ხელისუფლების ამ პოზიციას არც ოპოზიცია და არც კონსტიტიციონალისტების არ ეთანხმებიან, მათ შორის საქართველოს უზენაესი კანონის ავტორების ნაწილი.
მათი განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, ანუ მანდატების გადანაწილების პრინციპის შეცვლა, რომელსაც 76 ხმა სჭირდება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
"ამ მოდელს საფუძვლად უდევს ის პრინციპი, რომლითაც არჩევნები იმართება გერმანიაში და ხდება მანდატების განაწილება. ამ მოდელის უმთავრესი პრინციპი არის შემდეგი - თუ ამ სისტემაში პარტიამ მიიღო მაგალითად ამომრჩევლთა 30 %-ის მხარდაჭერა, ამ პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა პარლამენტში უნდა შეესაბამებოდეს, პარლამენტის მთელი შემადგენლობის 30 პროცენტს. ეს შეთავაზებული პროექტი არ ეწინააღმდეგბა კონსტიტუციას,"- აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
განსხვავებულია კონსტიტუციანლისტ ამირან სალუქვაძის პოზიცია.
"თავსებადი რომ ყოფილიყო, მაშინ გერმანული არ იქნებოდა და იქნებოდა ქართული. ოპოზიცია მხოლოდ ერთი ვარიანტით წარსდგა, რომელზეც ამბობს ხელისუფლება, რომ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ამაზე შეუძლიათ იმსჯელონ და იდავონ კვირეების განმავლობაში, სანამ საბოლოო ექსპერტიზა დაიდება, იგივე ვენეციის კომისიის მხრიდან. ამიტომ, ვფიქრობ უნდა ყოფილიყო რამდენიმე ვარიანტი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას ჩარჩოებში ჩააყენებდა," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ამირან სალუქვაძე.