საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ოდიშარიამ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ნიკა მელიას შეფასებებზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.
"კლოუნადა გრძელდება, ჩვეულებრივი ამბავია, ამაზე რა სერიოზული განცხადება უნდა გავაკეთო. საკითხზე, რომელზეც ისეთი ადამიანი მედავება, რომელსაც არანაირი მორალური ბმა არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრება არცერთი ადამინის დასაჭერად არც სანქცია გამიცია და არც ღილაკზე მიმიჭერია ხელი. განსხვავებით მაგ ვაჟბატონისგან, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ ეტაპზე იყო უშიშროების გამომძიებელი, იყო პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელი, იყო აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი. მთელი ცხოვრება დაკავებული იყო სხვისი ქონების მიტაცებით," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
როგორც დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, ახლა მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას დეპუტატის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით, "კოლექტიური ბექა ოდიშარიები" აღასრულებენ.