"მნიშვნელოვანია, რომ პირობა იყო გაცემული და ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება," - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა.
როგორც ვინტონმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უალტერნატივო მექანიზმია.
"მინდა აღვნიშნო, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ყველა პარტიას და პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს წარმოჩენის საშუალებას, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან დადებითი მიმართულება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაპირება იყო ამასთან დაკავშირებით გაცემული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით იმას, რომ ეს დაპირება იქნება შესრულებული.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა და მოლაპარაკება ყველაზე უფრო ძლიერი მექანიზმია ასეთი მდგომარეობის მოსაგვარებლად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი მოლაპარაკების და ერთმანეთთან საუბრის გზით წარიმართება, მივესალმები დიპლომატების ინიციატივას, რომელმაც ხელი შეუწყო მოლაპარაკებასთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება არა დიპლომატების ხელშია, არამედ ქართველი პოლიტიკოსების, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
მისივე თქმით, ქუჩაში ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.
"ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ძალადობამ ქუჩებში მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი. ჩვენ ამ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების გზებით მოგვარდება ეს მდგომარეობა," - განაცხადა ვინტონმა.