ოპოზიციის ლიდერები ვაშინგტონში მიემგზავრებიან. ვიზიტის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის წინ გაკეთდა, სადაც ოპოზიცია უკვე რამდენიმე კვირაა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს.
ოფიციალური ვიზიტი ხვალ იწყება და დელეგაციის შემადგენლობაში ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. დაგეგმილია შეხვედრები კონგრესის წევრებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება, რომ სტრატეგიული მოკავშირის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან დაღწევის პროცესში, კიდევ უფრო გააქტიურდეს.
"ჩვენი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონში მიგვაქვს, სწორედ ქართველი ხალხის და იმ ადამიანების გზავნილია, ვისთან ერთადაც ჩვენ აქ ყოველდღე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროპორციული არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან დასაღწევად აუცილებელია. "ევროპული საქართველოს" წევრი პოლიტპატიმრებზე საუბარსაც გეგმავს, რომლებიც ხოშტარიას თქმითვე, ხელისუფლებამ ციხეში გამოამწყვდია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელთან ბრძოლაც მიდის სწორედ რუსთაველზე. ცხადია გვექნება საუბარი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, პროპორციული არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ასევე ვისაუბრებთ პოლიტპატიმრებზე, გიორგი რურუაზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, გავრილოვის პატიმრებზე, ყველა სხვა პოლიტპატიმარზე, რომელიც გამოამწყვდია ხელისუფლებამ ციხეში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.