18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ცქიტიშვილი კონსორციუმზე : "ინვესტორთან ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას"

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება, იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ინტერესი გვერდზე უნდა გადადოს და პროექტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეთანხმება ლევან ახვლედიანს, რომ მმართველმა გუნდმა პროექტის განვითარებაზე უნდა იფიქროს, თუმცა აღნიშნავს, რომ დროა აღიარონ, რომ პროექტი ვერ ხორციელდება.

"არავითარი პერსპექტივა არ ჩანს არც 400 მილიონიანი სესხის მიღების ბანკებისგან, არც 120 მილიონის ოდენობის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის შემოყვანის და შესაბამისად, პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვაქვს  პასუხისმგებლობაც, რომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ.

ძალიან ვწუხვართ, თუ ასეთი გადაწყვეტილება ექნება მიღებული კონსორციუმს. ვნახე დღეს ბატონი ლევანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესი გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ. ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები, რაიმე სახის საკუთრებაში ამ პროექტის მიწერა გვერდზე უნდა გადავდოთ, რა თქმა უნდა ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე, ვიფიქროთ პროექტზე და შესაბამისად ვაღიაროთ, რომ ვერ ვახორციელებთ.

ვადა აღარ გადავადდება, შესაბამისად გამოვიყენებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს. ამ კონკრეტულ ინვესტორთან ჩვენი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

16 დეკემბერს კონსორციუმმა  საფინანსო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო 31 დეკემბერი უკვე ბოლო ვადაა იმისათვის, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.

 

დღის ამბები