ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადაა მმართველი გუნდი, თუმცა "ქართული ოცნება" კვლავ მიიჩნევს, რომ "გერმანული მოდელი" კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ოპონენტებისგან სხვა, ალტერნატიულ წინადადებებს ელოდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თუ იქნება დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, ის პრობლემას ვერ ხედავს:
"დიალოგი პრობლემა არ არის, შეხვედრა იყო უკვე, სადაც იყვნენ ოპოზიციის ლიდერები, ესწრებოდნენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა გაკეთებული ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც იყო შემოთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელია, თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ,"- აღნიშნა კახა კალაძემ.