ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები ოპოზიციას შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმის თქმით, მათ EuroNest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ, სახელისუფლებო გუნდს ეკისრება.
"ეს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, ხელისუფლების ტყუილის გამო, რომელმაც უკან წაიღო თავისი დაპირება პროპორციული არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, ამ კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა დიალოგი,რომელშიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის მიზეზითაც ხდება ეს ყველაფერი. შექმნილი ვითარება ძალიან სერიოზულად აზიანებს საქართველოს იმიჯს, ევროპარლამენტარების პოზიცია კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის სრულიად ნათელი,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა და ევროპარლამენტარებმა რეკომენდაციები გაცვალეს.
"ჩვენი ვუთხარით, რომ აღარ ვიცოდით რა კომპრომისზე უნდა წავსულიყავით, რადგან მიაფურთხეს დანაპირებს და პროპორციულზე უარი თქვეს,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ დიალოგი უმრავლესობისთვისაც მნიშვნელოვანია და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ აღნიშნულ საკითხზე, ოპოზიციასთან ერთად, ერთ მაგიდასთან იმსჯელონ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის.
სასტუმრო "ბილტმორში" თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრა დასრულდა.