უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი, რომელიც დიპლომატების ჩართულობით გაიმართა ისევ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, მედიასთან განაცხადა, რომ მხარეებს შორის სავარაუდოდ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ წამოჭრილ საკითხს - მრავალმანდატიანი სისტემის განხილვას შეეხება.
წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, ხელისუფლების პოზიცია გერმანულ მოდელთან დაკავშირებით გადასინჯვას არ ექვემდებარება.
"შეხვედრა ვერაფერი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე ვერ შედგა. საუბარი იყო საკმაოდ გრძელი და დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მედიატორების ჩართულობით მეორე მხარეს ავუხსენით, გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და მიუღებელი.
მეორე ნაწილი დისკუსიის ეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი. ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ და ოპოზიციამაც განაცხადა, რომ იმსჯელონ, მოსწონთ და აწყობთ თუ არა ეს მოდელი. მე ვფიქრობ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხები განვიხილოთ.
ვერავითარი კომპრომისი ვერ შედგებოდა, გერმანული მოდელი თავიდან განხილვას არ ექვემდებარება,"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.