საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, უნდა შეეწინაღმდეგოს საზოგადოება მსგავს იდეებს, რომელიც საქართველოში ოკუპაციის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, საქართველოში რუსული პოლიტიკის ნათელი მაგალითი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოხვედრა იყო.
"ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კონფერენცია, სადაც კომუნისტი პრავასლავნიკი წამოაბრძანეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ფინანსდება რუსული იდეოლოგიის ინტერნეტსაიტები და ფეიქნიუსები. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს," - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში პრიორიტეტული არ არის რუსეთის კულტურა, რადგან რუსეთი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოა.
"როდესაც საუბარია რუსული კულტურის ცენტრზე, მაშინ პირველ ადგილზე დგება რუსეთი, როგორც მტერი სახელმწიფო და მისი კულტურა ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს, რუსეთი ამ ყველაფერს იყენებს თავისი მტრული პოლიტიკური ინტერესების გასათვალისწინებლად," - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.