იურიდიული კომიტეტის მიერ ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტის დარეგისტრირებას ოპოზიციაში გამარჯვებად აფასებენ.
"პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი, ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და ის არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს ისეთი პრობლემა, რომლის გამოც ბიუროს ურჩევდნენ, ნუ განიხილავთ ამ პროექტს, ეს ფორმალურად შეუძლებელიაო.
ჩვენ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში საუბარია ორ ნაწილზე. ერთი პროპორციულს ეხება, რომელიც გერმანული ფორმულით ნაწილდება, მეორე მაჟორიტარულს ეხება და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს ითვალისწინებს,"-განაცხადა "შენების" მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
"ის, რომ არსებობს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა და პარლამენტის ყველა იურიდიული სამსახური ამბობს, რომ ამ ინიციატივას შეიძლება მიეცეს გაგრძელება, ნიშნავს მხოლოდ ერთს - "ქართული ოცნების" და უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერებს რიტორიკაში არ ეთანხმება პარლამენტის სამართლებრივი დეპარტამენტი, რომ აღარ ვისაუბროთ ისეთ კონსტიტუციონალისტებზე, როგორიც, მაგალითად, ავთანდილ დემეტრაშვილი და ავთო ხმალაძე არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ არასამთავრობო სექტორზე.
ასე რომ, არგუმენტი არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით იყო სრულიად ხელოვნური," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
"არ მჯერა მე, შანსი არ არის, "ქართული ოცნება" და იტყუებოდეს, ასეთი რამე არ გვახსოვს პირველი საარჩევნო კამპანია რომ დაიწყეს, იქიდან მოყოლებული. მგონი იურიდილ კომიტეტს რაღაც სერიოზულად შეეშალა, თორემ შუეძლებელია კობახიძე და თალაკვაძე იტყუებოდნენ," - განუცხადა ჟურნალისტებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.