"ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე კონსულტაციების პარალელურად და ერთობლივი შეხვედრების შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება სამოქმედო სტრატეგიაზე ისევ დამოუკიდებლად მსჯელობენ.
ხელისუფლების ოპონენტებს დღეს ისევ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა უმასპინძლა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რა ფორმა ექნება მათ პროტესტს, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გუშინ შეხვედრა შედგა და კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა გადაწყდა, საუბარია მრავალმანდატიან სამაჟორიტარო ოლქებთან დაკავშირებით განსხვავებით გერმანულ მოდელზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ შეწყვეტენ და პარლამენტის პიკეტირებასაც აანონსებენ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას" ნულოვან ნდობას უცხადებს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დანებებას არ აპირებს და გაცილებით უფრო ფართო ფრონტით მუშაობას გეგმავს.
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი კვლავ ტყუილის გზას მიმართავს, ოპოზიციისგან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს.
"ჩემი ნდობა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში არის ნულოვანი, ნულზე უფრო ქვემოთ. ეს არის მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტი, ეს არის პიკეტირებები პარლამენტის, ეს არის რეგიონებში გაშლა, რაც მთავარია და მთავარი გაფრთხილება, რომელსაც ვაძლევ "ქართულ ოცნებას": თუ ისევ ტყუილის და დესტრუქციის გზას დაადგებიან, ისინი ჩვენგან მიიღებენ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, თუ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება გათვალისწინებული არ იქნება, მწვავე აქციები ისევ გაგრძელდება.
"მთავარი გენერალური ხაზი ჩვენთვის არის პროპორციული არჩევნები. თუ პროპორციულობის პრინციპი არ იქნა გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში განცალკევებით, ცალკე კომპონენტად მხოლოდ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების და ამ ფორმატის მიღება ვერ შეცვლის, ვერ იქნება გამარჯვებად აღქმული და ამიტომ გაგრძელდება მწვავე აქციები," - აღნიშნა გიორგი გუგავამ.