"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მტერს უწოდებს. მინაშვილის თქმით, ქართული ჯარისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა, როდესაც ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.
"სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაამწესა ე.წ პრეზიდენტად, სინამდვილეში არის ქვეყნის მტერი. მისი თითოეული განცხადება ამას ადასტურებს, დაწყებული საარჩევნო კამპანიიდან, როდესაც მან საქართველოს დააბრალა ომი და დღეს, როდესაც უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ შეიარაღებულ ძალებს და ქართველ სამხედროებს," - განაცხადა აკო მინაშვილმა.
სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."