ღამის თენება პარლამენტთან ისევ იწყება. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მიზეზი ამჯერად უვადო მოსამართლეები არიან.
პროცესი, რომელიც თვეებია გრძელდება და რომელმაც მმართველი გუნდიდან დეპუტატების გასვლას დაუდო სათავე, ხვალ კენჭისყრით დასრულდება.
ორმხრივი გარიგება იუსტიციის საბჭოსა და ხელისუფლებას შორის - ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკვირდებოდნენ. მესამე სექტორის რეკომენდაციაა, უმრავლესობამ ოპოზიციასთან შეთანხმებით კანდიდატთა მხოლოდ რაოდენობა დაამტკიცოს, რომელიც უზენაესის სასამართლოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
სახალხო დამცველი მმართველ გუნდს ურჩევს, დაამტკიცონ კანდიდატები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში კითხვები არ არსებობს. ევროკავშირის ელჩი კი უმრავლესობას მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას წარსულის გაკვეთილები გაითვალისწინონ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ სია სრულად უნდა ჩავარდეს, რადგან ის ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში შეირჩა.
დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობიდან სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მიზეზით წავიდნენ, აცხადებენ, რომ სიის დამტკიცება მმართველ გუნდს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება. ისინი ყოფილ თანაგუნდელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარსულს კიდევ ერთხელ ახსენებენ.
სასამართლო სისტემის უზურპაცია - ასე აფასებს პროცესს ოპოზიცია, რომელიც მოსამართლეების კენჭისყრას პარლამენტის შენობის გარეთ პიკეტირებით გააპროტესტებს.
იმას, რომ სია სრულად არ დამტკიცდება, წინასწარ ღიად აცხადებენ მმართველ გუნდშიც. უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს სრულყოფილად ფუნქციონირებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
19 კაციანი სიიდან რამდენი მოსამართლე მოიპოვებს პარლამენტის მხარდაჭერას, კენჭისყრაზე გახდება ცნობილი. ხმის მიცემა საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე ჩაივლის.