18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"მეხის დაცემის ალბათობა მეტია, ვიდრე ის, რომ 88 ადამიანი ერთნაირად ფიქრობდეს" - კობერიძე კენჭისყრაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღევანდელ კენჭისყრის პროცესს სამარცხვინოს უწოდებს. 

დეპუტატის ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობად" იქცა და მათ კენჭისყრის გათამაშებაც კი არ დადგეს, რომ 10 ხმა მაინც მიეცათ საწინააღმდეგოდ.

"დღეს მოხდა ის, რასაც ვერანაირად წარმოიდგენდა საქართველოს მოსახლეობა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. რეჟიმი რეალურად გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“.

"შპარგალკა", რაც იურიდიულ კომიტეტზე დაარიგეს,  ხუთიანზე შეასრულეს და დეპუტატებმა დღეს გადაიწერეს სესიის დროს კენჭისყრისას.

კარგი იქნება ვინმემ მათემატიკური სიზუსტით დათვალოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ 85-88 ადამიანი ზუსტად ერთნაირად აძლევდეს ხმას კანდიდატებს.  მეხის დაცემის ალბათობა მეტია, ვიდრე ის, რომ 88 ადამიანი ასე სახელობით ღია კენჭისყრაში ერთნაირად ფიქრობდეს," - ამბობს კობერიძე. 

მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სანდრო გირგვლიანი ხელმეორედ მოკლეს.

"მგონია, რომ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც მიმიღია ცხოვრებაში იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ დავტოვე," - აცხადებს ლევან კობერიძე.

დღის ამბები