18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საპროტესტო აქცია, დაპირისპირება, დაკავებულები - სასამართლო აქციაზე დაკავებული 16 პირის საქმეს იხილავს

სასამართლოში აქციაზე დაკავებულების საქმეებს იხილავენ.

უვადო მოსამართლეების დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მცდელობა უძღოდა წინ. ოპოზიციამ და აქტივისტებმა პარლამენტთან შეკრება დილის 7 საათზე დაიწყეს. სიტუაცია რუსთაველზე პერიოდულად იძაბებოდა. დაკავებულებს შორის კი გიორგი ვაშაძეც მოხვდა.

საპროტესტო აქცია დილიდან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მდგომარეობა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, თანაგუნდელებთან ერთად დააკავეს ოპოზიცის ლიდერიც. გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში გადაიყვანეს.

მდგომარეობა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათზე საშვები იყო დაშვებული, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა მოძრაობა "ლელოს" 2 წევრი აიყვანეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებიდან სულ 16 პირია დაკავებული.

დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა და გაფრთხილების არშესრულება - თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა დაკავებების მიზეზები განმარტა. ვაჟა სირაძის მტკიცებით, წინააღმდეგობის გაწევის გარდა შეკრებილები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ და აქციის სხვა მონაწილეებსაც ანალოგიურისკენ მოუწოდებდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებს კონტრაქციის მონაწილეები დღეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" წევრები, მათ შორის სოსო რობაქიძეც, პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავს და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოდის.

საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ, შენობის ყველა შესასვლელთან განაწილდნენ და დეპუტატებს შეძახილებით დახვდნენ. მმართველი პარტიის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად კორდონის გავლა მართალია მანქანებით, მაგრამ პოლიციის ესკორტით მოუწიათ.

იმ უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სურათები, რომელთა საკითხსაც დღეს პარლამენტი განიხილავდა, აქციის მონაწილეებმა ნაძვის ხეზე დაკიდეს. ამ ფორმით ახალგაზრდა აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოში უვადო მოსამართლეების კენჭისყრის პროცესი გააპროტესტეს.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და პროცესზე დასწრებას გეგმავდნენ ისინიც, ვინც მოსამართლეების კომპეტენციას მათი შერჩევის ყველა ეტაპზე აფასებდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

"სასამართლო გადასარჩენია" - პარლამენტში მიმდინარე პროცესები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ამბობდნენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სასამართლო ხელისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

დღის ამბები