გიგი უგულავას, შესაძლოა, 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდოს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხვენ. ამის შესახებ ქობულაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ. გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაცვის უფლებების შეზღუდვაზე გიგი უგულავას ადვოკატი საუბრობს და ამბობს, რომ ის არც მტკიცებულებებს გაცნობია სრულად და არც მის დაცვის ქვეშ მყოფთან ჰქონია სრულყოფილი კომუნიკაცია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის, სასამართლო პროცესის დაჩქარებულად ჩანიშვნას ასახელებს. გიგი უგულავას ინტერესების დამცველი პროკურატურას აეროპორტის კამერების ჩანაწერების მტკიცებულების სახით წარმოდგენას სთხოვს.
პროკურორის მტკიცებით, ბრალის წარდგენა ფაქტის შემსწრე პირების ჩვენებების და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მოხდა. გამოძიება "ევროპული საქართველოს" ლიდერს, ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებამ მოსამართლეს 5 000 ლარიანი გირაოს და გიგი უგულავასთვის საბუთების დროებით ჩამორთმევის შუამდგომლობით მიმართა.
ბრალდებულის მხარდასაჭერად სასამართლოში მისულმა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა დღეს გიგი უგულავას საქმის პროკურორს, ბადრი გავაშელიშვილის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღლონტმა ბრალდების მხარეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა უჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი ძიუდოისტი 16 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილეობდა.
ამ დროისთვის, გამოძიებას აეროპორტში მომხდარ დაპირისპირებაზე ორი ბრალდებული ჰყავს, გიგი უგულავა და გავაშელიშვილის მეგობარი, დავით პარკაძე. ჩხუბის დროს მიყენებული დაზიანებების გამო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა "ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გოკა გაბაშვილს. იმავე სტატუსით სარგებლობს ყოფილი ძიუდოისტიც. მომხდარ ფაქტზე კომენტარი დღეს ოპოზიციის ლიდერებს არ გაუკეთებიათ.
მედიასთან არ ჩნდება სპორტსმენი, რომელიც გიგი უგულავას ცემაში, თავად ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი გავაშელიშვილს არაერთ ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის 2008 წელს ჩინეთის ოლიმპიადაშიც.
აეროპორტში მომხდარ ფაქტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
მმართველ გუნდში კი გამოძიების დასრულებას ელოდებიან და ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.