უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ანრი ოხანაშვილი უმრავლესობის ახალ ინიციატივას 2024 წლამდე ყველა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე "ამბოხებულ მაჟორიტარებთან" შეთანხმებულ "კომპრომისულ ვარიანტს" უწოდებს.
ოხანაშვილის თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში "ამბოხებული მაჟორიტარები" აღარ დაიწყებენ პროცედურას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
"ჩვენი კომპრომისული შეთანხმება მიღწეულ იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კოლეგები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავს შეიკავებდნენ და აღარ დაიწყებდნენ პროცედურას. ამის სანაცვლოდ, ჩვენ უზრუნველვყოფდით იმას, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და პრინციპში, რასაც ყველა ამბობდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, ეს საკითხი დავაზუსტოთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე ყველა არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ამბოხებული მაჟორიტარები" 2020 წელს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებენ.