18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საბჭოს ფორმირებასა და მოსამართლეთა შერჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს ფორმირება და მოსამართლეთა შერჩევის წესი ძირეულად გადასახედია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, მოქმედი იუსტიციის საბჭოს პირობებში ვერ მოხდება დამოუკიდებელი და პატიოსანი ადამიანების არჩევა.

დოლიძის თქმითვე, პრობლემის გადაჭრის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა უმჯობესია, მოდელი შეთანხმებული იყოს იმ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან, რომლებმაც საქართველოს სასამართლო რეფორმებში მილიონობით დოლარი და მრავალი წელი ჩადეს.

"ვერანაირი პროცედურა ვერ უზრუნველყოფს, თუ ჩვენ გვექნება ეს საბჭო. ჩვენ ვიწყებთ ფართო კონსულტაციებს. გამოსავალი არის უამრავი, არსებობს ალბანური რეფორმები, არსებობს სხვადასხვა მოდელი, მაგრამ ჯობია, რომ ეს მოდელი შეთანხმებული იყოს იმ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან, რომლებსაც მილიონობით დოლარი და ბევრი წელი აქვთ ჩადებული საქართველოს სასამართლო რეფორმებში," - აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 14 მოსამართლის არჩევით დიდი შეცდომა დაუშვა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა კლანის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა.

"ვინაიდან ამ შემთხვევაში იმოქმედეს კლანის ინტერესების სასარგებლოდ და არა ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, სამწუხაროდ, ეს უფრო მეტად აძლიერებს ჩინჩალაძის კლანს, მაგრამ უფრო მეტად უბიძგებს საზოგადოებას, რომ საჭიროა უფრო ძირეული და სერიოზული, ნამდვილი სასამართლო რეფორმა," - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები