იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს განცხადება იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფომ კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ასახა, თუმცა კანონი სრულყოფას საჭიროებს და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაოა.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება იმავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ.
რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე იყო და ნომინირებული პირების ნაწილი არ წარმოადგენდა საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატს.