18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
უკრაინა და საქართველო თანამშრომლობას აღრმავებენ - კიევში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი კიევში დასრულებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, რომელიც სულ ახლახან პარიზში ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უმასპინძლა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტი კიევში. 

ტერიტორიული მთლიანობა ნომერ პირველ პრობლემად ქვეყნებისთვის სწორედ რუსეთის ფედერაციამ აქცია, შესაბამისად, ამაზე საუბრის გარეშე დიალოგს არ ჩაუვლია. საერთო გამოწვევების დასაძლევად ქვეყნები სტრატეგიულ საბჭოს ქმნიან.

პრეზიდენტთან შეხვედრა დახურული იყო და "რუსთავი 2-ის" მცდელობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციამ დამატებით კომენტარებზე უარი თქვა, ისევე, როგორც უკრაინის პრემიერმა ალექსი გონჩარუკმა. მან გაფართოებულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოწია. პირველ რიგში თქვა, რომ ორ ქვეყანას შეეძლო უფრო ინტენსიური კავშირი ჰქონოდა, ვიდრე აქვს, თუმცა არც ახლაა გვიანი.

ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს დღეს უკრაინის უმაღლეს რადაშიც. რადას თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვი თვლის, რომ ორ ქვეყანას საერთო მიზნები და პრობლემები აერთიანებს, რომლებიც ღირსეულად უნდა დაძლიონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვედრებზე ქართულად საუბრობდა, თუმცა სუამის გუშინდელ სამიტზე დამსწრეებს გიორგი გახარიამ რუსულად მიმართა, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნების ლიდერებმა. ეს თბილისში ოპოზიციის მხრიდან პრემიერის მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა.

სუამის სამიტის ფარგლებში კიევში ვიზიტი ამით დასრულებულია. 4 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა თანხმდებიან, რომ ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებენ და სატრანსპორტო კორიდორის იდეას პრაქტიკულ სიბრტყეში გადაიყვანენ.

დღის ამბები