სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემები აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, სხვაობა წლევანდელსა და შარშანდელ მონაცემებს შორის, დაახლოებით, 18 მილიონია.
ოპოზიცია პარტიული აქტივის დასაქმებაზე საუბრობს, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ საბიუჯეტო თანხების ცვლილებები უწყებების გამსხვილებამ გამოიწვია.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 18 მილიონი ლარით გაიზარდა. ყველაზე დიდი თანხა ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასების გადასახდელად განათლების,ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დასჭირდათ. საპარლამენტო ოპოზიცია ხარჯების გაზრდის უკან პარტიული აქტივის დასაქმების სქემას ხედავს.
ხელშეკრულებით დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურების ზრდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს აჩენს საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებში. ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელები მმართველ პარტიას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
საპარლამენტო ოპოზიციას დღეს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში უპასუხეს. განათლების მინისტრის მოადგილემ "კურიერთან" საუბარში განმარტა, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მათ უწყებაში 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია მოექცა, სადაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულთა უმრავლესობა ანაზღაურებას ხელშეკრულების საფუძველზე იღებს. ხარჯების ზრდას ანალოგიური მიზეზით ხსნის ჯანდაცვის სამინისტროც.
ხელშეკრულებებით დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში განმარტავენ, რომ ფინანსური საჭიროებების ზრდა, სამინისტროს სისტემური განახლების თანმდევი პროცესია.
ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, თუ სამინისტროების გაერთიანების გამო დაკორექტირებული საბიუჯეტო თანხები - ამ შეკითხვებზე დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა სამინისტროებს უახლოეს მომავალში უკვე საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციონერი დეპუტატების წინაშე მოუწევთ.