მმართველ პარტიასთან მესამე უშედეგო შეხვედრა ოპოზიციამ გაფართოებულ ფორმატში შეაჯამა. პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, ამიტომაც არ თანხმდება ოპოზიციის არცერთ შეთავაზებას. ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდს არ ცვლის და მიზნის მიღწევას კვლავ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით გეგმავს.
ოპონენტებს ერთმანდატიან ოქლებზე უარი მმართველი გუნდის წევრებმა გუშინ უთხრეს. ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ, მაგალითისთვის აღმოაჩინეს ორი ქვეყანა- ავღანეთი და ერაყი, სადაც მრავალმანდატიან ოლქებად დაყოფის პრინციპი მოქმედებს და თქვეს, რომ ეს მოდელი საქართველოსთვის შეუსაბამოა.
"ქართულ ოცნებაში" მზად არიან კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყონ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების რესურსს ვერ ხედავენ.
"ქართული ოცნებიდან" წასული დაპუტატები კი მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს იწუნებენ და საზოგადოებას ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობენ. ისინი, ყოფილ თანაგუნდელებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დისკუსიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ზეპარტიულია და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას პარტიებს თავს ვერ მოახვევს.
ოპოზიციას, მმართველ გუნდსა და ელჩებს შორის პოლიტიკური დიალოგი პარასკევს განახლდება.
ეს, წელს მოლაპარაკების ბოლო რაუნდი იქნება. ოპოზიცის მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველო 10 ოლქად უნდა დაყოფილიყო და თითო ოლქიდან 7-8 მაჟორიტარი შევიდოდა პარლამენტში, ჩავარდა.
ხელისუფლების ოპონენტები ახლა დასკვნას ე. წ გერმანული მოდელთან დაკავშირებით, ოდირისა და ეუთოსგან ელოდებიან.