18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
საპასუხო განცხადებებმა თანამშრომლობას შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს - ოპოზიცია კინზინგერის წერილზე ხელისუფლების პასუხს აკრიტიკებს

ყვითელი ბარათი ხელისუფლებას - ასე აფასებს ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების გზავნილი, ოპოზიციის აზრით, ადასტურებს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ასეთ ტონს მხოლოდ უკიდურესი შეშფოთებისას მიმართავენ, რაც ხელისუფლებისთვის სიგნალი უნდა იყოს.

წერილში, რომელიც კონგრესმენებმმა პრემიერ გახარიას გამოუგზავნეს, ხელისუფლება საარჩევნო რეფორმის ჩაგდებისა და აქციების დაშლისას გამოყენებული ძალის გამოა გაკრიტიკებული.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობაზეც აისახება, რადგანაც, გიგი უგულავას თქმით, ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.

"ასეთი მკაცრი ვორდინგის წერილი, ზოგადად, არც იწერება იმიტომ, რომ ის ცდება დიპლომატიურ ლექსიკონს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორებმაც ალღო აუღეს. მათ გააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ საუბარსა და კრიტიკას იღებს სათავისოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად ჭაობში ეფლობა ქვეყანა. სამწუხაროა,  რომ ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ინვესტიციების მოცულობაზე - თავისუფალი ქვეყნებიდან ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც აქ დემოკრატია ვითარდება," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა წერილის დაფარვის, რადგანაც კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული განცხადება 13 დეკემბრით თარიღდება, საზოგადოებისთვის კი ის ცნობილი რამდენიმე დღის შემდეგ გახდა.

"გაფრთხილებაა, კარგი ყვითელი ბარათია წითლისკენ გადახრილი. 13-ში გამოუგზავნეს, ამდენ ხანს დამალეს, მერე კინზინგერმა თვითონ გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატურობა უკვე ძალიან მაღალ დონეზეა. საქართველოს სახელმწიფოს ამჟამად გვჭირდება განსაკუთრებული სიახლოვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ძალიან საგანგაშოა.

"ძალიან საგანგაშოა ხელისუფლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მიდის არასწორი ინფორმაცია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან უხეშად და არადიპლომატიურად მიანიშნებს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომ მათი საელჩოები არასწორად მუშაობენ საქართველოში და არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან საკუთარ დედაქალაქებს," - აღნიშნა ანზორ ბიწაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულმა საპასუხო განცხადებებმა კინზინგერის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებულ თანამშრომლობას, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს. 

"ზიანი არ ადგება "ქართულ ოცნებას", ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას და ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელიც შეიძლება იყოს და ჩრდილს აყენებდეს იმ 8 წლიან პარტნიორობას, რომელიც საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არის," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

დღის ამბები