საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენები ხელისუფლებას დაპირებული პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო საყვედურობენ. ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი შეშფოთებას გამოთქვამენ ამ მიზეზით დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების გამოც.
კონგრესმენებს მალევე უპასუხა თავად ადრესატმა. გიორგი გახარია, რომელიც 20 ივნისის აქციის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აპირებს, კრიტიკის ავტორებს მიტინგის დაშლის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუგზავნოს. პრემიერ-მინისტრი განმარტავს იმასაც, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გუნდის დაპირება პოლიტიკური პროცესების გამო ვერ შესრულდა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მიერ საერთაშორისო ანგარიშებში ასახულ პროგრესს ახსენებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის და ამ მიმართულებით სწორი კომუნიკაციაა საჭირო.
ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენების მსგავსი შინაარსის წერილით ყვითელი ბარათი მიიღო, მათი მტკიცებით მმართველ გუნდს წერილის დამალვის მცდელობაც ჰქონდა. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა უკვე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც თვალსაჩინოა.
ორპარტიული კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობიდან პროპორციული სისტემის ჩავარდნის გამო წასული დეპუტატებისთვის, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეებზე თანაგუნდელებს ხშირად აფრთხილებდნენ.
კონგრესმენ კინზინგერისა და კონოლის კრიტიკული წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და ის 13 დეკემბრით თარიღდება.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი