18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ტრამპი აშშ-ს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს - იმპიჩმენტზე საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს

დონალდ ტრამპი უკვე მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტსაც ამერიკის  შეერთებული შტატების წარმომადგენლთა პალატამ მხარი დაუჭირა. პალატამ პრეზიდენტის წინააღმდეგ ორი ბრალდება დაამტკიცა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლს მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას პალატის 229 წევრმა მისცა ხმა.

"ტრამპი ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა იმისათვის, რომ პოლიტიკური სარგებელი მიეღო, მან ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა. დაარღვია კონსტიტუცია და კონგრესის მუშაობას ხელი შეუშალა," - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

დემოკრატებმა გასულ კვირას 650 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნეს, სადაც დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

დემოკრატების მტკიცებით ტრამპმა ზელენსკის, სატელეფონო საუბრების დროს ყოფილი ვიცე-პრემიერის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ოპონენტია. სწორედ ეს სკანდალური სატელეფონო საუბრები გახდა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საბაბი. მეორე ბრალდების მიხედვით, დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის ფარგლებში გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

"ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტმა ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა. პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. ტრამპმა პირობა დაარღვია, დაეცვა ქვეყნის კონსტიტუცია. იმპიჩმენტი ახლა დემოკრატიის განმსაზღვრელი მომენტია," - განაცხადა დემოკრატების კონკრესმენმა ჯიმ მაკგოვერნიმ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა არის სირცხვილი, რაც შეერთებული შტატებისთვის საშიშ პრეცენდენტს ქმნის.

"დემოკრატები ცდილობენ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას, რადგან იციან, რომ მომავალ არჩევნებში ვერ დაამარცხებენ. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული გადაწყვეტილება ერთპარტიულია, რადგან მას რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ," - განაცხადა მაიკ პენსმა.

თავად ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტზე გამართულ კენჭისყრას  დემოკრატების პოლიტიკურ თვითმკვლელობად აფასებს.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს. საიმპიჩმენტო პროცედურა იანვარშია დაგეგმილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები