"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პარტიებმა სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ისაუბრეს, ასევე, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე.
ოპოზიციის წევრებმა კვირას, 14:00 საათზე აქცია დააანონსეს, მანამდე კი ყველა ის ღონისძიება გაუქმდა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ - მათ შორის, პარლამენტის პიკეტი, რომელიც დღეს უნდა განხორციელებულიყო. ღონისძიებების გადადების მიზეზი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას უკავშირდება.
ხვალ კი დაანონსებულია შეხვედრის მეოთხე რაუნდი, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება. შეხვედრაზე ხელისუფლებამ ოპოზიციის წევრებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროექტი უნდა წარუდგინოს.
"რეალისტური, ადეკვატური და პოზიტიური შემოთავაზების მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ იმდენჯერ თქვეს უარი რეალურ მიდგომებზე. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მთელი ოპოზიცია, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ვიკრიბებით და დღესაც ვინც ვიყავით შეკრებილი, ვიქნებით ერთიანი,“ - განაცხადა "რესპუბლიკური" პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.