ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ ცხინვალის КГБ-ს ხელმძღვანელთან ოლეგ შირანთან და ე.წ სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ვალერი ალიხანთისთან ერთად სოფელ წნელისთან ე.წ საზღვართან ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მედია Рес-ი ავრცელებს.
ბიბილოვმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ხაზი გაუსვა რუს მესაზღვრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ვალერი ალიხანთის ცნობით, რუსეთის ФСБ-ს უახლოესი სასაზღვრო განყოფილება სოფელ ბალთაშია და მათთან პირდაპირი კავშირი აქვთ.
ბიბილოვმა განცხადებაც გააკეთა და ქართული მხარე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა:
"საჭიროა გაავანალიზოთ რა ხდება და არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომელიც საქართველოს მხრიდანაა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ევროკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან. მაგრამ ჩვენ ვიცით მთელი ისტორია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორ ახდენდნენ პროვოცირებას, ერთმანეთს ესროდნენ და შემდეგ ცდილობდნენ ჩვენთვის დაებრალებინათ, მათი მეთოდები ვიცით," - განაცხადა ბიბილოვმა.