18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
გაძლიერებული ფსიქო-სოციალური მომსახურების სტანდარტი, კერძო სკოლებშიც უნდა დაინერგოს - მიხეილ ჩხენკელი

განათლების სამინისტრო, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს - ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გაძლიერებული ფსიქო-სოციალური მომსახურების სტანდარტი, რომელიც საჯარო სკოლებშია დანერგილი, ანალოგიურად, კერძო სკოლებშიც უნდა დაინერგოს.

"როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი სამინისტრო, რასაკვირველია, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა ხელი შევუწყოთ ამ ტრაგედიის შესახებ სრული ჭეშმარიტების დადგენას.

უსაფრთხოების სტანდარტი საჯარო სკოლებში, როგორც მოგეხსენებათ, არის დამტკიცებული, მიმდინარეობს მისი განხორციელება და ახლა სწორედ ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომ საჯარო სკოლებში დანერგილი გაძლიერებული ფსიქო-სოციალური მომსახურების სტანდარტი აუცილებლად უნდა დაინერგოს კერძო სკოლებშიც.

როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ კონკრეტულ დროში გაწერილ ზუსტ გეგმას, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

დღის ამბები