18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ სამინისტროს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რა მოხდა ლუკას შემთხვევაში" - ბესელია ჩხენკელს  

რა იყო ის რაღაც, რამაც დაარღვია ყველა სტანდარტი, წესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბავშვი სკოლამ გადასცა საგამოძიებო ორგანოებს - ამ კითხვით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მიმართა. მინისტრს დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ გადაეცა 15 წლის მოზარდი პოლიციას, მაშინ, როდესაც არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

"საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ სამინისტროს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რა მოხდა ლუკას შემთხვევაში, რატომ მოხდა ამ ბავშვის გადაცემა სკოლიდან პოლიციისთვის, საგამოძიებო ორგანოსთვის.

რატომ მოხდა 15 წლის ბავშვის გადაყვანა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსითაც კი არ არის სუბიექტი, რატომ მოხდა? მით უმეტეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საერთოდ დაწყებულიც არ იყო და არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაული.

რა იყო ის რაღაც, რამაც დაარღვია ყველა სტანდარტი, წესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბავშვი სკოლამ გადასცა საგამოძიებო ორგანოებს და გამომძიებელთან იმყოფებოდა ამდენი საათის განმავლობაში. რა გაარკვიეთ? რა დაადგინეთ? რატომ მოხდა ეს რაც მოხდა? რატომ იყო დაშვებული ასეთი უმძიმესი შეცდომა რაც მერე ჯაჭვივით გადაება.

თქვენ გახსოვთ, როდესაც პარლამენტმა გასცა რეკომენდაციები თქვენი სამინისტროს სახელზე, ეს ეხებოდა დათუნა სარალიძის და სხვების საქმეზე დარღვევებს, რომელიც სისტემური რეფორმების განხორციელებას გულისხმობდა, უსაფრთხო სკოლის თაობაზე მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობდა. რა გაკეთდა უსაფრთხო სკოლისთვის?“ - მიმართა ბესელიამ პარლამენტში მყოფ განათლების მინისტრს. 

დღის ამბები