დღეს ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ თავისივე თანაგუნდელები პოზიციებს დააფიქსირებენ.
საკრებულოს იურიდიულ კომისიაზე საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობა ოპოზიციას საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს.
საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება და ამის შემდეგ დაატოვებინონ მას მანდატი.
"სამართლებლივი საფუძველი მართალია არ აქვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს მანდატი, მაგრამ მისი განცხადებებიდან გამომდინარე შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება და ამის შემდეგ განხორციელდეს ის პროცედურები, რომელიც მანდატის დასატოვებლად არის საჭირო," - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ქმედებები უნიჭო სპექტაკლს ჰგავს და მათი ქმედებები არცერთ მორალურ სტანდარტში არ ჯდება.
"ის, რაც მათ მოაწყვეს იყო ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლი. საჯარო მოხელეებს დაუდგეს ოთახში კარავი, ეს ყველაფერი არცერთ მორალურ სტანდარტში არ ჯდება," - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ავტორი:ლელუკა ჯავახიშვილი