პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო, რიგგარეშე სხდომაზე განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე საუბრით დაიწყო.
მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები, თუ რის გაკეთებას აპირებს სამინისტრო, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ ჩხენკელს კითხვები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებმა მოზარდის გარდაცვალებაზე დაუსვეს. ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ გადასცა არასრულწლოვანი სკოლამ პოლიციას, ასევე იყო თუ არა თავიდანვე ცნობილი სამინისტროსთვის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
მინისტრს კითხვით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანმა ნინო წილოსანმა.
"ახლა რა სტანდარტები აქვს განათლების სისტემას კერძო სკოლების მიმართ, უსაფრთხოების კუთხით და ბავშვების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის კონტროლის კუთხით. აპირებთ თუ არა, სრულიად გავრცელდეს ეს ორი კომპონენტი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებზე," - მიმართა მინისტრს ნინო წილოსანმა.