ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობის 42-ე დღეს ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქართველოს პარტნიორები კი საოკუპაციო რეჟიმისგან კატეგორიულად მოითხოვენ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას უკანონოს და პროვოკაციულს უწოდებენ თბილისში.
"ეს არის პუტინის რეჟიმის სახე, როგორც ექცევა ადამიანებს, ექიმებს, რომლებიც სამკურნალოდ გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უნდა არსებობდეს უნდა არსებობდეს გააზრებული ხედვა, როგორ უქმნი პრობლემას შენს მოწინააღმდეგეს, მტერს, რომელიც ასე იქცევა, თუ ამას არ აკეთებ ზოგადად და პოლიტიკა არ გაქვს ამისკენ მიმართული, შემდეგ რთულია, რომ შედეგი დადო კერძო შემთხვევაში," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, საზოგადოება ვერ ხედავს, რომ ხელისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს დგამს:
"საზოგადოებას არ უნახავს, რომ ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს კაცი დახსნილი იქნას ტყვეობიდან, ოჯახს კი არ უნდა მოეთხოვა შეხვედრა, პრემიერი აქამდე 5 ჯერ უნდა შეხვედროდა, მაგრამ სათქმელი რომ არ ქონდათ იმიტომ არ ხვდებოდნენ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.